ბლოგი

Uncategorizedწინა საუკუნის პოლიტ(კორექტული) პლაკატები ალდაგის ციფრულ საცავში

წინა საუკუნის პოლიტ (კორექტული) პლაკატები ალდაგის ციფრულ საცავში

პროპაგანდა, როგორც ზეგავლენის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი იარაღი, საბჭოთა კავშირის შექმნის პირველივე დღეებიდან აქტიურად გამოიყენებოდა. მოსახლეობაში ნდობის მოსაპოვებლად ხელისუფლებას კომუნისტური იდეების პოპულარიზაცია და ფართო მასებში გავრცელება სჭირდებოდა, რაც საზოგადოებრივი და კულტურული სფეროს მთლიანად ათვისებას გულისხმობდა. იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გზავნილებს ყველგან და ყველასთან უნდა მიეღწია და თავისი საქმე გაეკეთებინა. ამისთვის ცენტრალურ და რეგიონულ კომიტეტებში სპეციალური განყოფილება – აგიტპროპიც (აგიტაცია პროპაგანდის სამმართველო) კი შეიქმნა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან მუშაობა და მათი საშუალებით ხალხთან კომუნიკაცია ევალებოდა. აგიტაციის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და მასობრივ საშუალებად თავიდანვე იქცა ილუსტრირებული პოსტერები, რომლებიც სათქმელს ნახატისა და მოკლე, მარტივი ტექსტის საშუალებით გადმოსცემდნენ. პოსტერები მიზნობრივი აუდიტორიის მიხედვით ვრცელდებოდა ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა დაწესებულებებში, პრესაში. სლოგანები უნდა ყოფილიყო მკაფიო, ადვილად გასაგები და შთამაგონებელი, ვიზუალი – ეფექტური და შთამბეჭდავი. პოსტერებზე დატანილი ტექსტები და ფოტოები ღრმად უნდა ჩაბეჭდილიყო ადამიანების გონებაში, როგორც მუდმივი მოწოდება მოქმედებისა და თავდადებისკენ.

 

საბჭოთა აგიტაციის კულისები


ისტორიკოსი – დათო ჯიშკარიანი, რომელიც საბჭოთა პერიოდს იკვლევს, ამბობს, რომ ეს იყო კარგად გამართული, ცენტრალიზებული სისტემა, დეტალურად გაწერილი სტრატეგიით, სადაც ზუსტად იცოდნენ, ვისთვის სად და რა ფორმით მიეწოდებინათ სასურველი მესიჯები.

„ყველა ორგანიზაციას ჰყავდა პოლიტ ხელმძღვანელი, რომელიც ვალდებული იყო, დასაქმებულების პოლიტიკური მზაობა და სიფხიზლე შეემოწმებინა. ამ პოლიტ განყოფილებებში, „პოლიტ ატდელებში“ რასაკვირველია, ყოველთვის მიდიოდა ეს პოსტერები და პოლიტ ხელმძღვანელს იდეოლოგიური და აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარებაში ეხმარებოდა. ამ ყველაფრის უკან აგიტაცია-პროპაგანდის სამმართველო და ცეკას მდივანი იდგა, რომელიც აგიტაციას კურირებდა. ისინი განსაზღვრავდნენ მიზნობრივ აუდიტორიას ამა თუ იმ ნამუშევრისთვის“- აღნიშნავს დათო ჯიშკარიანი.

პლაკატების შექმნაზე დიდი ჯგუფი მუშაობდა: მხატვრები, მწერლები, ფილოლოგები, დამკაბადონებლები. ყველაფერი მკაცრად რეგლამენტირებული და გათვლილი იყო: ტექსტი, ფოტო, შრიფტი, სტილი. ამ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა 50-იან წლებამდე. „აქ ვერ ნახავთ სლოგანს, სადაც რამეა გაპარული, ან სიტყვებია გადაბმული, ან ფოტო არის არასწორ ადგილზე, ამის გამო შეიძლებოდა დაეხვრიტათ. ეს არ არის თანამედროვე პოლიტტექნოლოგების „სმარტ“ ნამუშევარი, ეს არის პროპაგანდა, რომელსაც ინსტიტუციები აკეთებდნენ. ამ პროპაგანდაზე იდგა პარტია“– ამბობს ჯიშკარიანი.


ქრონოლოგია – 20-იანები

თუ ამ პლაკატებს წლების მიხედვით დავალაგებთ, ერთგვარ ისტორიულ ქრონიკასაც კი მივიღებთ. მარქსისტულ-ლენინისტური იდეების მუდმივი პოპულარიზაციის პარალელურად, ეპოქების მიხედვით იცვლებოდა სააგიტაციო თემები და შესაბამისად, პოსტერების შინაარსი და ესთეტიკაც. ამ ყველაფერს აგიტპროპი განსაზღვრავდა, რომელიც საბჭოთა ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპს ზედმიწევნით სწავლობდა.

მაგალითად, თუ 1920-იან წლების ბოლოს, პირველი ხუთწლიანი გეგმის მიზანი დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია იყო, პოსტერებშიც ეს თემები ფიგურირებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯარისკაცების მობილიზება და მოსახლეობის გამხნევება იყო, რაც იმ პერიოდში შექმნილ ყველა კულტურულ პროდუქტზე აისახა. „დაჰკარ ფაშისტ ქვეწარმავალს“, „ სამშობლოსთვის, სტალინისთვის“ („За Родину, за Сталина!“), „ გაუმარჯოს წითელ არმიას“ – მსგავსი მოწოდებების პოსტერები ფრონტზეც კი იგზავნებოდა, რომ ჯარისკაცებში საბრძოლო სულისკვეთება გაეძლიერებინა.


ომის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ირაკლი თოიძის ნახატი, წარწერით „დედა სამშობლო გვეძახის“ (1941), სადაც წითელში შემოსილ ქალს სამხედრო ფიცი უჭირავს ხელში. მისი ჰეროისტული მზერა და პატრიოტული გზავნილი, გმირი დედის განზოგადებულ სახეს ქმნის და ახალგაზრდებს სამშობლოსთვის თავდადებისკენ მოუწოდებს. დათო ჯიშკარიანი იხსენებს „ჯარისკაცის მამას“, სადაც ასევე გვხვდება აღნიშნული პოსტერი. ფილმის ერთ-ერთ პირველ სცენაში, როცა მთავარი გმირი ფრონტზე მიდის და თანასოფლელები აცილებენ, ვხედავთ შენობაზე გამოკრულ თოიძის ამ ნახატს და მოწოდებას. პატრიოტული მოტივი აქტუალობას არც ომის შემდგომ კარგავს. სტრესგამოვლილ და შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას ჯერ კიდევ სჭირდება გამხნევება. თუმცა, იცვლება ფორმა: „ომის დასრულებიდან სადღაც 10 წელიწადში პატრიოტული ლოზუნგებიდან საერთოდ ქრება სტალინი. მაგალითად „За Родину, за Сталина“-დან მხოლოდ „За Родину“ რჩება. სტალინის სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ის აღარ არის პროპაგანდისტულ მესიჯებში აქტუალური“ – ამბობს დათო ჯიშკარიანი.


ხალხთა შორის მეგობრობა

ომის დასრულებს შემდეგ, 50-იანი წლებიდან პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი
მსოფლიო მშვიდობა და ხალხთა შორის მეგობრობა ხდება, რაც მომდევნო ათლეულებშიც გრძელდება. ამავე პერიოდში აქტუალურია შრომისკენ მოწოდებაც, რადგან ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს კრიზისს და საკვები პროდუქტების დეფიციტს. იბეჭდება წამახალისებელი ტექსტები გლეხებისთვის. („ვიმარჯვებთ შრომაში“, „უდანაკარგოდ ავიღოთ მოსავალი“)


60-70-იანი წლების მიჯნაზე გარემო შედარებით მშვიდი და სტაბილურია და აქცენტიც საყოფაცხოვრებო საკითხებზე ინაცვლებს, რომელთაგან ბევრი დღესაც აქტუალურია. ყოველდღიურ ჰიგიენა, საგზაო მოძრაობის წესები, შრომის უსაფრთხოება, დაზღვევა, მოწოდებები ჯანსაღი ცხოვრებისა და სამედიცინო კონტროლის აუცილებლობაზე- ბრეჟნევის ეპოქაში პრიორიტეტული ეს თემები ხდება. („იარე ტროტუარის მხოლოდ მარჯვენა მხარეს“, „მძღოლო შენს ხელთაა ადამიანების სიცოცხლე“, „ვოდკა“ „ასანთით არ ითამაშოთ“, „ჩაიტარეთ დამცველი აცრები“, „გაუფრთხილდით ბავშების ნერვულ სისტემას“.)

ამას გარდა, იწყება აქტიური კამპანია ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარების წინააღმდეგ. 60-იანებიდან გამოჩნდა ასევე პროპაგანდისტულ მესიჯებში შეჯიბრებითობის მოტივი, რისი მიზეზიც სავარადოდ ხრუშჩოვის ცნობილო ფრაზა „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას“ იყო. ვხვდებით პოსტერებს, სადაც კაპიტალისტური ქვეყნების მანკიერებებზეა ხაზი გასმული.


ვიმარჯვებთ შრომაში
  
70-იანი წლებიდან ცოტა პრობლემური ხდება დაქირავებული მუშახელი, ადამიანების დიდ ნაწილს მუშად, მძღოლად და სხვა მსგავს სამუშაოზე აღარ უნდათ მუშაობა. ამიტომ, პლაკატებზე ახალი სააგიტაციო მესიჯები ჩნდება „გმირ მუშათა კლასზე“ და სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობაში მათ ავანგარდში ყოფნაზე.


„თბილისში იყო ასეთი პროექტი, რამდენიმე წელი ავტობუსის მძღოლად ან რომელიმე ინდუსტრიაში მუშად თუ იმუშავებდი, მერე თბილისში გაძლევდნენ ბინას. ანუ სტიმულირება ხდებოდა მომავალში მიღებული სარგებლით. ურბანული სივრცის გარეთ მცხორვრები ადამიანებისთვის ეს კარგი შეთავაზება იყო, რადგან ისინი იქ ვერ ახერხებდნენ კაპიტალის დაგროვებას და ეს იყო მათთვის შანსი, ცხორვება მოეწყოთ, თუკი ამ გზას გაივლიდნენ.“-
აღნიშნავს დათო ჯიშკარიანი.

1980-იანი წლების დასაწყისიდან განსაკუთრებით აქტუალური ხდება სპორტული მოვლენების და შეჯიბრებების, ახალგაზრდული ღონისძიებებისა და სახალხო დღესასწაულების ვიზუალიზაცია. აქტიურად მიდის მოსახლეობაში სპორტული ცხოვრების სტილის, უფრო ზუსტად კი, როგორც მაშინ ეძახდნენ, „ფიზკულტურის“ პოპულარიზაცია.

თქვენ გემსახურებათ სახდაზღვევა


ერთ-ერთი თემა, რასაც 50-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პერიოდში ფიგურირებს, დაზღვევაა. სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობდა სიცოცხლის, სახლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საოჯახო ქონების დაზღვევას. თუმცა, როგორც ამბობენ, ამას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძირითადი მოტივი ბიუჯეტში ფინანსების აკუმულირება იყო. მოქალაქეები კი, იმდენად მიზერულ თანხას იხდიდნენ, ამაზე ბევრს არც ფიქრობდნენ და ხშირად ავიწყდებოდათ კიდეც ეს ამბავი. გურამ მირზაშვილი, რომელიც დაზღვევის სფეროში ათეული წლებია მუშაობს და საბჭოთა სისტემაც კარგად ახსოვს, ამბობს: „დღევანდელი გადმოსახედიდან დაზღვევა საბჭოთა კავშირში საკმაოდ განვითარებული იყო – დაზღვევის ყველა სახეობაა წარმოდგენილი, ის სახეობებიც კი, რომლებიც პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ბევრს არც დასიზმრებია, მაგრამ ეს ყველაფერი განვითარებული იყო მხოლოდ ქაღალდზე. რეალურად კი, ეს იყო ფულის ამოღების ეფექტური საშუალება. ბევრ ადამიანს ართმევდნენ ძალიან ცოტა ფულს, ტყუილად და ამ ბევრისგან მიღებული ფულით საკმაოდ დიდი ბრუნვები ჰქონდათ.“


საბჭოთა პლაკატები დღეს უკვე ისტორიაა – ამ ისტორიაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ უცვლელიც დარჩა. ის პლაკატებიც კი არსებობს, რომლებიც დღევანდელობაშიც აქტუალურია და ჩავთვალოთ, რომ poster.aldagi.ge ამ ისტორიის ციფრული საცავია, რომელიც წარსულთნ რეფლექსიებისთვის და იქნებ ჩვენი თავის უკეთესობისკენ შესაცვლელადაც გამოგვადგეს.

ტექსტი: ნინო ჩიმაკაძე

ზევით